სიახლეები

გზავნილის ჩაბარების წესის ცვლილების შესახებ

20 მარტი

 

საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების რისკის მინიმიზაციას, „საქართველოს ფოსტა“ 2020 წლის 23 მარტიდან ცვლის  საქართველოს ტერიტორიაზე გზავნილების ადესატისათვის ჩაბარების წესს.

 

ახალი წესის მიხედვით, ყველა ის გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ რეგულაციების მიხედვით ადრესატს ბარდებოდა ხელმოწერით, ზემოთაღნიშნული თარიღიდან ჩაბარდება ხელმოწერის გარეშე.

კურიერი, გზავნილის ჩაბარებისას, ადრესატის/მიმღების იდენტიფიცირებას მოახდენს რეკომენდირებული დისტანციის დაცვით, ხოლო ხელმოწერის ველში, გზავნილის ადრესატის/მიმღებისათვის ჩაბარების დასტურად თავად გააკეთებს  ჩანაწერს „ჩაბარებულია“.

 

აღნიშნული წესითვე განხორციელდება ადგილობრივი გზავნილის უკან დაბრუნების შემთხვევაში მისი გამგზავნისთვის ჩაბარება,  აგრეთვე „საქართველოს ფოსტის“ ყველა დამატებითი სერვისის მომსახურება, რომელიც ამ რეგულაციების ამოქმედებამდე მოითხოვნა გამგზავნის და/ან ადრესატის ხელმოწერას.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უცვლელი რჩება შეტყობინების დატოვების წესი იმ გზავნილებისთვის, რომლებიც ვერ ჩაბარდება ადრესატს/მიმღებს/გამგზავნს კურიერის ვიზიტისას მათი ადგილზე არყოფნის გამო, ასევე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გზავნილის სახეობის/წონის გამო არ ხორციელდება მისი მისამართზე მიტანა.

 

„საქართველოს ფოსტა“ შეახსენებს საკუთარ მომხმარებელს, რომ ის ოპერირებს დაუძლეველი ძალის (ფორს მაჟორის)  ვითარებაში და აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს აუცილებლობას, რომელიც ემსახურება „საქართველოს ფოსტის“ მომხმარებელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვას. შესაბამისად კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის ნებისმიერ ზარალზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს გზავნილის ჩაბარების ფორმის ცვლილებამ.