სიახლეები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

31 დეკემბერი 2018

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუდენტები.

მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ფოსტის სახელით ასეთ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ გამოვეცით საიუბილეო მარკა, რომელზეც გამოსახულია უნივერსიტეტის შენობა. მარკა ძალიან საინტერესოა, სამი ლარის ნომინალის ღირებულებით. ამ მარკის საშუალებით დანარჩენ მსოფლიოს გავაცნობთ ამ ღირშესანიშნაობას,“- განაცხადასაქართველოს ფოსტისგენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

საქართველოს ფოსტამ საიუბილეო მარკა გვაჩუქა. ძალიან ლამაზი მარკაა, რომელიც უნივერსიტეტის იუბილეს ეძღვნება. საფოსტო მარკა მიმოქცევაში დეკემბერში გამოვა 50 ათასი ერთეულის ტირაჟით,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის წარჩინებულმა სტუდენტებმა თამარ ლაშხმა და გიორგი თორდუამ, რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, ცნობილმა მეცნიერებმა ზაალ კოკაიამ და დავით ლორთქიფანიძემ საიუბილეო მარკებზე საზეიმოდ დასვეს ბეჭედი.

საიუბილეო საფოსტო მარკის დიზაინერია ნიტა გონგაძე. მარკაზე გამოსახულია დიმიტრი ერმაკოვის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა და გერბი (ავტორი დიმიტრი შევარდნაძე).

ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, რომლის ორგანიზატორი იყო ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება. უნივერსიტეტის საზოგადოება თსუ-ში 2017 წლის 15 დეკემბერს აღდგა, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას, აერთიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს.