Georgian Post: სიახლეები - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია

სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია

31 მაისი

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნა პირველი რესპუბლიკის დაფუძნების უნიკალური დოკუმენტების დედნები. ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქრთველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია რადგან ეროვნული საფოსტო მარკა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ერთ-ერთი დამადასტურებელი სიმბოლოა, მისი მეშვეობით ჩვენ დანარჩენ მსოფლიოს ვუზიარებთ ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს. საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებული საფოსტო მარკების ესკიზების ღია კონკურსის   შედეგად, მარკების კომისიის მიერ შეირჩა  ბაადურ ქობლიანიძის მიერ წარმოდგენილი ესკიზები, თემაზე - „საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე“, წარმოდგენილი იქნა სამი მარკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, რუკა და დროშა. ამ საფოსტო მარკების ვიზუალი შეიქმნა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტების და ფოტო მასალის გამოყენებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ეროვნული არქივის გაწეული დახმარებისთვის და ამ უნიკალური განძის გაზიარებისთვის“ - განაცხადა საქრთველოს ფოსტის გენერალურმა დირექტომა ლევან ჩიკვაიძემ.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღიარების შემდეგ პირველი ეროვნული ქართული საფოსტო მარკები 1919 წლის 26 მაისს გამოიცა, რომლებიც 9 ნომინალისგან შედგებოდა და ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერით და ვიზუალით. მარკებზე გამოსახული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, თეთრი წმინდა გიორგი და ქართველი ქალი რომელიც ფილატელისტურ კატალოგებში თამარ მეფის სახელით მოიხსენიება, ამ პერიოდში გამოცემული ქართული მარკები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. საქართველოს ფოსტა ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარების და პოპულარიზაციის ამაღლების მიზნით, მომავალ წელს გეგმავს პირველი ეროვნული საფოსტო მარკების განახლებულ გამოცემას მათი 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

 

 

ქართული ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემა 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შეწყდა. 1922 წელს საქართველოს სსრ სახელით გამოიცა რამდენიმე საფოსტო მარკა. ხოლო 1922-1923 წლებში ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ, რომლის წევრიც საქართველო იყო, გამოსცა საფოსტო მარკები. საბჭოთა კავშირის დაშლამდე მართალია გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებით და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არცერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული "საქართველოან ქართულ ენაზე სხვა რაიმე წარწერა.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა ქართული ეროვნული მარკების გამოცემა, რადგან ეროვნული საფოსტო მარკა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია. საქართველოს ფოსტა აგრძელებს ტრადიციას და ყოველწლიურად აცხადებს ღია კონკურს, ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარების და პოპულარიზაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, რის შედეგადაც გამოიცემა ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენების, ღირშესანიშნაობების და ცნობილ ქართველ მოღვაწეთა გამოსახულებით საფოსტო მარკები.