სიახლეები

საქართველოს ფოსტის წლიური ანგარიში

15 იანვარი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
შპს საქართველოს ფოსტა

 

წლიური ანგარიში

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტასთვის 2017 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო. გატარდა მრავალი რეფორმა, დაინერგა ახალი პროდუქტები და განხორციელდა წარმატებული პროექტები, რის შედეგადაც კომპანიამ წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა.

კომპანიას ზრდა ჰქონდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ფოსტის გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით 97% - შეადგენს. კომპანიამ დეკემბრის თვეში გზავნილთა გამტარიანობის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებმა უზრუნველყვეს 250 000 -მდე გზავნილის გატარება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30%-ით აღემატება, სერვის ცენტრების საშუალო დღიურმა გამტარიანობამ 9 000 გზავნილს გადააჭარბა.

„Prime“-ის რეიტინგით საქართველოს ფოსტა საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა, აღნიშნულ ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. ამასთანავე საქართველოს ფოსტა არჩეული იქნა მსოფლიო საფოსტო კავშირის „UPU- ხარისხის ფონდის და მსოფლიო საფოსტო კავშირის რეფორმირების სამუშაო ქვეჯგუფებში, მსოფლიო საფოსტო კავშირთან ურთიერთობის, ხარისხისა და ოპერირების ჯგუფებში, ასევე სტანდარტების ექსპერტების მუშა ჯგუფების შემადგენლობაში.

 „ტექნოლოგიურად განვითარებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“ - ასე აფასებენ საქართველოს ფოსტას, ევროპის საფოსტო კავშირის ხელმძღვანელები და მსოფლიოს წამყვანი საფოსტო ოპერატორები.

საქართველოს ფოსტა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ იგი ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ასევე მრავალფეროვანს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის საფოსტო პროდუქტებს.

გასულ წელს დაინერგა ახალი ტექნოლოგიები წერილობითი კორესპონდენციის გამტარიანობის მონიტორინგის მიმართულებით და საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის საბაჟო ელექტრონული დეკლარირების პროგრამას შეუერთდა.

2017 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის „B2B“ შეხვედრების ფორმატის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, პოლონეთის ფოსტის დირექტორის მოადგილე სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ადამ ბერნატოვიჩთან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელ ანა ინოჰოსასთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.

გასულ წელს საქართველოს ფოსტამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კატარის ფოსტასთან, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ფოსტის ლოჯისტიკური ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით, ასევე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს საფოსტო ბიზნესის სიახლეებზე, ახალი საფოსტო პროდუქტების დასანერგად შესაძლო თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

2017 წელს საქართველოს ფოსტამ ააშენა 2 ახალი სერვის ცენტრი და განაახლა 13. საქართველოს ფოსტა 2017 წელს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად იქნა დასახელებული, კომპანიაში დასაქმებულია 2 700-მდე მაღალკვალიფიციური კადრი. კომპანია  მუდმივად ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს საქართველოს ფოსტის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტას დაგეგმილი აქვს რიგი სერვის ცენტრების განახლება, ახალი პროდუქტების დანერგვა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მომხმარებელს მარტივად და სწრაფად შეეძლება სასურველი მომსახურების მიღება.

მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებს უმასპინძლებს; მაისში საქართველოში გაიმართება EMS კოოპერატივის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც ევროპის 40 საფოსტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, გაცვლიან ინფორმაციას მომსახურებასა და საოპერაციო პროცესში განხორციელებულ მიღწევებზე და სამომავლო გეგმებს დასახავენ. ასევე განიხილება ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა და საფოსტო ადმინისტრაციების ამ მიმართულებით მზადყოფნის საკითხები და პრიორიტეტებიოქტომბერში თბილისში გაიმართება PostEurop-ის პლენარული სხდომები, სადაც 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით  გაიმართება საფოსტო საქმიანობის შესახებ ბიზნეს ფორუმი, საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობით.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით, გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის  82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს